ახალი გუდაური

გუდაური, მისი გამაოცებელი მწვერვალებით, არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში. კურორტი პოპულარულია როგორც გამოცდილი მოთხილამურეების ასევე მოყვარულთა შორის. გუდაური გთავაზობთ როგორც მრავალფეროვან სათხილამურო და სნოუბორდის ტრასებს, ასევე პარაგლაიდინგის და ჰელი-სკიინგის ინფრასტრუქტურას.

„ახალი გუდაური" კურორტ გუდაურის ახალი საცხოვრებელი და სარეკრეაციო ზონაა. ტერიტორიის განვითარება ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, დღეს კი „ახალი გუდაური" კურორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა, რაც მისმა  ინფრასტრუქტურამ განაპირობა, რომელიც მოიცავს:

 


- ახალ გონდოლის ტიპის საბაგიროს;
- ოთხ დასრულებულ აპარტოტელს;
- რამოდენიმე რესტორანსა და კაფეს;
- საბაგიროსა და სხვა გარე გასართობ კეთილმოწყობილობას ბავშვებისათვის;
- მაღაზიებს;
- თხილამურების გამქირავებელ ობიექტებს;
- სათხილამურო სკოლებს;
- სპა ცენტრს.

„რადისონ ბლუ"-ს ბრენდის სასტუმროს გახსნა გუდაურში 2017 წლისათვის არის დაგეგმილი, რაც აღნიშნულ ტერიტორიას უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისა და ინვესტორებისათვის.

2016 წლის მაისში "RED-CO"-მ ახალ გუდაურში 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელზეც კომპანია ევროპული დონის საკურორტო ზონას განავითარებს და განახორციელებს 150 მლნ. დოლარის ინვესტიციას. „ახალი გუდაური"-ს გენერალური გეგმა შემუშავებულ იქნა ცნობილი კანადური კომპანია  "Ecosign"-ის მიერ, რომლის საქმიანობაც სათხილამურო კურორტების დაგეგმვას მოიცავს. პროექტის პირველი ეტაპი 10 ჰექტარის მიწის განვითარებას  მოიცავს. აღნიშნული ეტაპი ითვალისწინებს 26 კონსტრუქციის მშენებლობას, რომელიც კურორტს დამატებით 4,200 „საწოლით" უზრუნველყოფს. ახალი გენერალური გეგმის თანახმად ტერიტორიაზე აშენდება რამოდენიმე 2, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, აპარტოტელი, ვილა და კოტეჯი, ასევე შეიქმნება დამატებითი ინფრასტრუქტურა რელაქსაციისა და გართობისათვის - ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, მაღაზიები, კორტები, სპა-ცენტრები და კაზინო. კურორტი აღჭურვილი იქნება ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სისტემით, რომელიც 1600-ზე მეტ ავტომობილს დაიტევს, გარდა ამისა, RED-CO-ს წარმომადგენლების თქმით კომპანიამ წინასწარი თანხმობა მიიღო „Starwood Hotels and Resorts  Worldwide"-სგან, რომლის მიხედვითაც კურორტზე გაიხსნება მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდის სასტუმროები, როგორებიცაა «Sheraton»  და «Four Points by Sheraton».